ამერიკული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოს შესახებ (პრესის მაგალითზე)
ჩვენი ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე თავდაპირველად აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ნაშრომის გაანალიზებისთვის და მისი არსის ზუსტად გაგებისთვის დაგვეხმარება – ეს არის პრესის მნიშვნელობის გააზრება, თუ რას წარმოადგენდა ბეჭდვითი მედია ნაშრომში მოცემული პერიოდისთვის ამერიკაში. პრესის მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ძალზე დიდია. გამომდინარე იქედან, რომ XIX საუკუნის დასასრულისთვის, როდესაც არ არსებობს ისეთი საინფორმაციო საშუალებები, როგორიცაა ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო, პრესას საზოგადოებრივი ინფორმირებულობის კუთხით ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუნდაც სხვა ქვეყანაში მომხდარ ფაქტზე გაშუქების მხრივ. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საქმეში პრესას, მთავარი თუ არა, უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვოდა ამერიკაში. ...