საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამომწვევი მიზეზები და მისი მნიშვნელობა ქართული პრესის მიხედვით

          




საფრანგეთის 1789-1799 წლების დიდმა რევოლუციამ კაცობრიობის გარდაქმნასა და განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. აღნიშნულმა მოვლენამ არამხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის ისტორიულ პროცესზე იმოქმედა. 

            XIX საუკუნიდან მოყოლებული მსოფლიოში უდიდესი ცვლილებები ხდება. დაიწყო დრომოჭმული ფეოდალური წყობის ნგრევა, რომლის ჩანაცვლებაც უმეტესად რესპუბლიკური წყობით ხდებოდა. ცხადდებოდა თანასწორუფლებიანობა: „ძმობა, თანასწორობა, თავისუფლება“ - ეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის საბრძოლო ლოზუნგი იყო. დაპყრობილ ერებში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობები. საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჩაგრულ ხალხს მძლავრი სტიმული მისცა და დაანახა, რომ ბრძოლით მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახლდათ. ამ და სხვა მიზეზების გამო, XIX საუკუნემ დიდწილად საფრანგეთის რევოლუციის ნიშნით ჩაიარა.

            მიუხედავად ამისა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორიულ მნიშვნელობას ყველა დადებითად არ აფასებს და აღნიშნული მოვლენის მიმართ ისტორიკოსებს ძალიან განსხვავებული ხედვა აქვთ. თანამედროვე ფრანგი ისტორიკოსის მიშელ ვოველის თქმით, „საფრანგეთის რევოლუცია არის მწვავე საკითხი, რომლის გარშემოც საფრანგეთში არასდროს ყოფილა სახალხო შეთანხმება“. გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი ალბერ სობული ამბობდა, „ვნებათაღელვა, რომელიც ბობოქრობდა შორეული XVIII საუკუნის მიწურულს, კვლავ რჩება თანამედროვე სამყაროს ყურადღების ცენტრში. სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობის გზაჯვარედინზე, რომელმაც გაჰყო ადამიანები და განაგრძობს მათ გაყოფას“.

            თანამედროვე ფრანგი ისტორიკოსის პიერ შონიუს თქმით, „ეს ათი წელი ყველაზე უფრო საშინელი იყო საფრანგეთის ისტორიაში“. ფრანგი ისტორიკოსის იპოლიტ ტენის აზრით, „რევოლუცია უსაზიზღრესი და უსასტიკესი მომენტი იყო ფრანგი ერის ცხოვრებაში. მან ბურჟუაზიის სასარგებლოდ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი დიდებული მოღვაწე გათელა ფეხქვეშ. არავითარი დადებითი არც საფრანგეთის რევოლუციას და არც სხვას არ მოჰყოლია“.

არსებობს სრულიად საპირისპირო მოსაზრება. ფრანგი ისტორიკოსის ჟიულ მიშლეს აზრით, „საფრანგეთი გადარჩენილი იქნა ორჯერ, ერთხელ ჟანა დარკის მიერ, მეორედ რევოლუციის მიერ“.[1]

            როგორც ვხედავთ, ფრანგულ ისტორიოგრაფიაში საკითხისადმი სრულიად განსხვავებული აზრებია გამოთქმული.თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რომ წინა პლანზე წამოვწიოთ არა ფრანგი ისტორიკოსების ხედვები, არამედ ქართველი პუბლიცისტების ნააზრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის წამყვანი ქართული ჟურნალ-გაზეთები და გამორჩეული პუბლიცისტები საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე მაღალი აზრის არიან და ევროპისთვის მის დადებით როლზე დაუფარავად, აღტაცებით საუბრობენ.

“საკვირველი ზემოქმედება იცის საფრანგეთმა სხვა ქვეყნებზედ. 1789 წელს, როდესაც საფრანგეთმა ყველა ევროპის სახელმწიფოთა უწინარეს აღმართა თავისუფლების დროშა, საფრანგეთის ხმაურობა ნაღარასავით გაისმოდა მთელ ევროპაში ხან აქ ეძლეოდა ბანი და ხან იქ. ასე იყო წარსულში და ამჟამადაც თითქმის ასე არის. რად იყო ასე – ამის გამოკვლევას ვერ შევუდგებით. ჩვენ აქ მოგახსენებთ მხოლოდ მას, რომ აწინდელს საფრანგეთის მოძრაობას არამც თუ მარტო თვით საფრანგეთისთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მისი ავი თუ კარგი სხვა სახელმწიფოს ბედსაც ერჩის” – წერს გაზეთი “ივერია”.[2]

“საფრანგეთმა ისეთი მძლავრი ბრძოლა ატეხა მთელ კაცობრიობაში. ისე მძლავრად შეარყია თითქმის მთელი ქვეყნების ჭკუა, გონება, ზნე-ჩვეულება და კანონი, ისეთი თავგანწირულება გამოიჩინა... ადამიანის თავისუფლებისა, ძმობისა და სიყვარულის ქადაგებაში... და ამგვარად თავისი მაღალი აზრი, თავისი ღრმა ფიქრი კაცობრიობის კეთილდღეობაზედ... თავისი მუდმივი შინაური და გარეშე დარდი და ვარამი საზოგადო ქვეყნიერების დარდად და ვარამად გადაგვიქცია” – წერია ჟურნალ “დროებაში”.[3]

გიორგი წერეთელი თავის პუბლიცისტურ წერილში აღნიშნავდა, რომ საფრანგეთის დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ დაარღვია ძველი პოლიტიკური ვითარება და ფეხქვეგათელილი ეროვნება ფეხზე წამოაყენა. ამის შედეგი კი, ერთა განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერება და ჩაგრული ხალხის გამოღვიძება იყო. რევოლუციის პრინციპებით ხელმძღვანელობდა ევროპის ყველა ერი 70 წლის განმალობაში და ამ პრინციპებით, ევროპის ყველა ერმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოიპოვა. [4]

საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისად 1789 წლის 5 მაისი ითვლება, როდესაც ვერსალში შეკრებილი გენერალური შტატების საზეიმო გახსნისას, მესამე წოდებამ, იმის ნაცვლად, რომ ქუდმოხდილებს მუხლი მოეყარათ, ქუდი დაიხურა - ეს რევოლუციური პროტესტი იყო.

რეალურად, საფრანგეთის დიდი რევოლუციისთვის საერთო ნიადაგის მომზადება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე 1789 წელი გახლდათ. ამას, XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პუბლიცისტიკის გამორჩეული მოღვაწენიც აღნიშნავდნენ.

„საფრანგეთის რევოლუცია, ბუნებრივად უნდა გამოსულიყო წარსულ დღეთა მღელვრებიდან. უშუალო მიზეზები, რომელთაც რევოლუცია გამოიწვია, გაჩნდნენ არა 1789 წელს, არამედ არსებობდნენ მანამდე“ - აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძე. [5]

მე-19 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსი ალექსის დე ტოკვილი თავის წიგნში „ძველი რეჟიმი და რევოლუცია“ აღნიშნავს, რომ გლეხობის მდგომარეობა საფრანგეთში რევოლუციის წინ გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე რუსეთში ან გერმანიაში, თუმცა რევოლუცია მოხდა საფრანგეთში. ამრიგად, ტოკვილის აზრით, საქმე მენტალიტეტშია და მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა. ქართული პუბლიცისტიკა რევოლუციის გამოწვევაში მენტალიტეტის და განმანათლებლობის როლს რასაკვირველია არ უარყოფდა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე, გაჭირვებაზე და ასევე პრივილეგირებული წოდებებიდან, მესამე წოდების ჩაგვრაზე  საუბრობდა. ჩვენი თემიდან გამომდინარე, უმეტესად ამ მიზეზზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.  

ძველი საფრანგეთის მდგომარეობას მშვენივრად აღწერს ფელიქს გრასის რევოლუციის დროინდელი მოთხრობა „მარსელელნი“, რომელიც ქართულად ელენე ანტონოვსკამ თარგმნა და გაზეთ „შრომაში“ გამოაქვეყნა. [6]

აღნიშნულ მოთხობაში ჩანს, თუ როგორი განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდათ მეფეს, მარკიზებს, გრაფებს, მაღალი სასულიერო არისტოკრატიის წარმომადგენლებს. მათ აბსოლუტურად ყველაფერი შეეძლოთ, ხოლო მესამე წოდებას არანაირი პრივილეგია არ გააჩნდა.

ბატონები თავიანთ ყმებს უკანასკნელ ლუკმას ართმევდნენ და ნახევრად მშივრებს ტოვებდნენ, უსამართლოდ სჯიდნენ და ეს სასჯელი ხშირად ძალიან სასტიკი გახლდათ, რაც მოყვანილ მოთხრობაშიც ჩანს, როდესაც მთავარი გმირის, გლეხი პასკალის მამა, მარკიზი ამბრენის ვაჟმა სრულიად უსამართლოდ სცემა, ვითომდა იმის გამო, რომ ნადირობისას კურდღელი დაუფრთხო და ამის გამო, ის რობერტმა ვერ მოკლა. მამის სასტიკი ცემის ყურებას ყმაწვილმა პასკალმა ვერ გაუძლო და ბატონის შვილს ქვა ესროლა, რაც რეალურად ამ ამბის დასაწყისი გახლდათ.

საავადმყოფოში მამის სანახავად მისული პასკალი, მარკიზი ამბრენის ერთ-ერთმა ჯალათმა, სასტიკმა ტყის მცველმა გერმანელმა სურტომ დაიჭირა, რომელიც საავადმოყოფოში დაჭრილი ხალხის ამოსახოცად იყო მისული, რომელთაც ლიბერალობას აბრალებდნენ. სურტო პასკალის მოკვლას აპირებდა, მაგრამ ბიჭუნამ გაქცევა მოახერხა და მოლმორის მღვდლის დახმარებით, ავინიონში გაქცევა მოახერხა. იქ ის ამბოხებულ გვარდიას შეუერთდა, რომელიც მეფის მიერ ქვეყანაში უცხოელების შემოშვებით უკმაყოფილო გახლდათ და რევოლუციას გეგმავდა. პასკალი გვარდიაში, რომელსაც მალე მარსელელებიც შეუერთდათ, ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი გახდა (14 წლის იყო) და ცოტა ხანში პარიზისკენაც დაიძრა, სადაც მეფის დამხობას გეგმავდნენ.

მოთხრობაში ნათლადაა აღწერილი გვარდიაში შექმნილი საბრძოლო და გამარჯვების წყურვილით შეპყრობილი განწყობა. უამრავი ადამიანი წინ მიიწევდა ქვეყნის მომავალი ჰიმნის, რუჟე დე ლილის მიერ დაწერილი „მარსელიეზას“ სიმღერით. ისმოდა პატრიოტული შეძახილები: „გაუმარჯოს ეროვნებას“, „შეიარაღდით მოქალაქენო“, „წინ გასწით მამულის შვილნო“ და ა.შ.

მარსელელი პატრიოტები მთელი გზის მანძილზე სამფეროვან დროშას მოაფრიალებდნენ, რომელიც მომავალში საფრანგეთის ეროვნული დროშა გახდა. მასზე ადამიანის უფლებები ეწერა, რომელიც შემდეგი პუნქტებისგან შედგებოდა:

1.”ხალხი იბადება თავისუფალი და თანასწორი”.
2.”ხალხი თვითონ ქმნის თავისთვის კანონებს და იგი მონა აღარ არის”.
3.”ხალხმა დაამსხვრია ბორკილი და გახსნა ციხეები”.
4.”მიწა და მოსავალი ეკუთვნის ხალხს.”
5.”ხალხი თავისუფალია თავის მოქმედებასა და სარწმუნოებაში.”
6.”არავის, არც მეფეს, არც მარკიზს, არც ბატონს არ შეუძლია ხალხს დააკისროს გადასახადი”
7.”კაცი, რომელიც აქამდე იყო მონა და მიწაში მძრომი თხუნელა, ახლა თავისუფალია და პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე”
“გაუმარჯოს ეროვნებას”!

გარდა ამისა, მოთხრობაში ჩანს თუ როგორ განსხვავდებოდა ჩრდილოეთ საფრანგეთსა და სამხრეთ საფრანგეთში მცხოვრები მოსახლეობა. სამხრეთში თავისუფლების მოყვარული ხალხი ცხოვრობდა, რომელიც ამაზე ოცნებობდნენ და მეამბოხეებს უჭერდნენ მხარს. ისინი მარსელელთა და ავინიონელთა ბატალიონში მხსნელს ხედავდნენ და ოვაციებით ეგებებოდნენ, ხოლო ჩრდილოეთში პირიქით, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რეაქციონელი იყო და მეფეს უჭერდა მხარს.

რევოლუციამდელ საფრანგეთში, შუა საუკუნეობრივი ფეოდალური წყობა იყო გაბატონებული. ქვეყანაში არსებული მთელი მიწები, რომელიც მაშინდელი საფრანგეთის მთავარ სიმდიდრედ ითვლებოდა, თითქმის მთლიანად მეფის, სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის ხელში იყო, რასაც ნიკო ნიკოლაძეც აღნიშნავს.

საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული მეფე ლუი XIV ამბობდა, „სახელმწიფო ეს მე ვარ“ და ეს მართლაც ასე გახლდათ - მეფის ბრძანება და სურვილი ყველასთვის კანონი იყო. [7]

ნიკო ნიკოლაძის აზრით, საფრანგეთის დიდი რევოლუცია პრივილეგიურსა და არაპრივილეგიურ კლასებს შორის წარმოებული მძაფრი კლასობრივი ბრძოლის ლოგიკური შედეგი იყო.

“რაინდების შთამომავლობასა და სამღვდელობას ხელში ეკავათ თითქმის მთელი საფრანგეთის ვარგისი სახნავ-სათესი მიწების ნახევარი. დანარჩენ მიწებზე აგრეთვე პირდაპირ თუ არაპირდაპირ ვრცელდებოდა მათი სენიორალური უფლება და ამგვარად, ის მიწა, რომელიც საზოგადოდ, მთელ სახელმწიფოს მარჩენალია, თითქმის სულ ერთიანად რამდენიმე კაცის ხელში ჩავარდნილი იყო” – წერდა ნიკოლაძე ჟურნალ “კრებულში”.[8]

ინგლისელი ეკონომისტის არტურ იუნგის 1787-1789 წლებში საფრანგეთში მოგზაურობის დღიურებზე დაყრდნობით, ნიკოლაძე წერდა: “გლეხთა უმიწაწყლობას უსაშინლესი შედეგები ჰქონდა, მთელი სოფლები იღუპებოდა შიმშილით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა ავადმყოფობათა შესახებ... ხალხი თანდათან უფროდაუფრო უბედურდებოდა.”[9]

იმავე ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის უკიდურეს ჩამორჩენილობაზე მიუთითებდა და ამას იმას აბრალებდა, რომ გლეხებს არანაირი მოტივაცია არ გააჩნდათ, რადგან მათ რომ ბევრი მოსავალი მოეყვანათ, ბატონები სულ წაართმევდნენ და მხოლოდ იმდენს დაუტოვებდნენ, რამდენიც საარსებოდ ეყოფოდათ, რათა მომდევნო წელსაც მოეყვანათ მოსავალი. ამიტომაც, გლეხები თავს აღარ იწუხებდნენ და მინიმალურით კმაყოფილდებოდნენ, რაც ლოგიკური გახლდათ.

სოფლის მეურნეობის გარდა, სავალალო დღეში გახლდათ სხვა დარგებიც: მრეწველობა, ფინანსები და აღებ-მიცემობა. ამიტომაც, ნიკოლაძის აზრით, შემთხვევითი არაა, რომ რევოლუცია სწორედ დედაქალაქ პარიზში დაიწყო და არა რომელიმე პროვინციაში, რადგანაც სახელმწიფოში ხალხის საქმიანობის ყველა დარგი ხელ-ფეხ შებოჭილი იყო. “მთელი საფრანგეთი უპატრონო და უთავბოლო, აკლებულ ადგილს ჩამოგავდა, რომელიც მარტო გლახაკებით იყო სავსე. ხმელი პური რაა, ზოგ ადგილებში ხალხს ისიც არ ჰქონდა საჭმელად” – წერს იგი. [10]

         ნიკოლაძე ძალიან უარყოფითადაა გაწყობილი ფეოდალების მიმართ და დაუფარავი ზიზღით საუბრობს მათზე. მისი გადმოსახედიდან, ისინი იყვნენ: მუქთახორები და ფუქსავატები, რომელნიც მშრომელთა შრომითა და ოფლით მოწეულ პროდუქტების მითვისებითა და ქონების ფლანგვით იყვნენ დაკავებულნი. მისი თქმით, მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლები მთელ დროს ინტრიგებში, ორგიებში, კარტის თამაშსა და ფუქსავატობაში ატარებდნენ და უმოკლეს დროში ფლანგავდნენ თანხებს, რომელიც გლეხების არაადამიანური ექსპლოატაციის გზით იყო მოპოვებული. [11]

რეჟიმის წინააღმდეგ გაბრძოლება შეუძლებელი გახლდათ და ეს ზემოთ ნახსენებ მოთხრობა “მარსელელნშიც” ჩანს. მთავარი გმირი პასკალი, რომელიც ამბის მოყოლის დროს უკვე ხნიერია, საკუთარი ისტორიის თხრობისას საუბრობს ძველი წყობის საშინელ მეთოდებზე, რაც ახალი თაობის წარმომადგენელთათვის წარმოუდგენელია.

“ვინც გადასახადს არ გადაიხდის, იმას გადაჰკარგავენ სხვაგან; ვისაც დანას ან დამბაჩას უპოვიან, ჩამოახრჩობენ, ვინც იჩივლებს რაზედმე, ათი წლით კატორღაში გაგზავნიან, ვინც ან სიტყვით, ან წერილით, ან მხატვრობით შეურაცხყოფს ვინმეს, ის სიკვდილით დაისჯება და მისი ქონება სახელმწიფო ქონებად გამოცხადდება” – ეს იყო პაპის თანაშემწის დადგენილება.

ამის გაგონებისას, პასკალის ამბის ერთ-ერთი მსმენელი, გაცილებით ახალგაზრდა მატერონი გაიძახის: “შეუძლებელია”, თუმცა პასკალი განაგრძობს ძველ დროზე საუბარს და კიდევ უფრო აოცებს შეკრებილ ახალგაზრდებს. მისი თქმით, ასი წლის წინ საწყალი ხალხი ისეთ დღეში იყო, რომ ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა და ძველი მთავრობა რომ ყოფილიყო, მათ ჩამოხრჩობა არ ასცდებოდათ, რადგანაც ისინი მეჩექმის სახლში იყვნენ შეკრებულნი და ძველ საფრანგეთში ასეთი შეკრებები მხოლოდ სპეციალური ნებართვის შეიძლებოდა. [12]

რევოლუციამდელ საფრანგეთში არ არსებობდა ადამიანის უფლებები. მისი ბურჯი და დარაჯი არმია იყო, რომლის გენერალიტეტი და ოფიცერთა შემადგენლობა მხოლოდ პრივილეგიური კლასებიდან იყო დაკომპლექტებული. ძლიერი პოლიცია, ასეული ციხე-სატუსაღო დიდი და პატარა “ბასტილიები”, ყოველგვარი უკმაყოფილო ელემენტის ასალაგმავად კათოლიკური ეკლესია, რომელიც ლოცვა-კურთხევას არ აკლებდა არსებულ ურთიერთობას და მორწმუნე მრევლისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა – წერს ნიკო ნიკოლაძე. [13]

არსებული რეჟიმის მიმართ საფრანგეთში უკმაყოფილება უფროდაუფრო იზრდებოდა. რაც დრო გადიოდა, ხალხი მით უფრო ფხიზლდებოდა და პროტესტის გრძნობა ეუფლებოდა. ისინი ვეღარ უძლებდნენ შიმშილსა და ჩაგვრას და სურდათ, რომ ეს ჯოჯოხეთი მოესპოთ. ფრანგი ხალხის გამოფხიზლებაში დიდი წვლილი მიუძღვით განმანათლებლებს, რომელთაც საკუთარი მოღვაწეობით რევოლუცია კიდევ უფრო მოამწიფეს.

ფრანგი განმანათლებლები (ვოლტერი, დიდრო, რუსო, მონტესკიე), რომლებიც ასევე მესამე წოდებას წარმოადგენდნენ, თავიანთ ნაშრომებში ღიად ილაშქრებდნენ არსებული წყობის წინააღმდეგ. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ იმდროინდელ ყოფა ცხოვრებას და თეორიულად დაასაბუთეს მისი არამართებულობა. მათი ნაშრომებში კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გატარებული მონარქია, კათოლიკური ეკლესია და არისტოკრატია.

“ამ მწერლებსა და მოაზროვნეებს, კარგად ესმოდათ ძველი საზოგადოების უმსგავსობა და ვნება. ეს ყველაფერი მწერლებმა ნათლად და პირდაპირ თავიანთ თხზულებებში გამოხატეს. ამასთანავე, ისინი ამ უხეირობის მოსასპობელი საშუალებების ძებნას შეუდგნენ, თანაც შეეცადნენ დაესახათ ისეთი საზოგადოებრივი წყობილება, რომელშიც ყველა ერთმანეთის დაუჩაგვრელად და ერთი მეორეს თავზე წაუჯდომლად ცხოვრობდეს” – წერს ნიკო ნიკოლაძე. [14]

რევოლუციის მოახლოებას გრძნობდნენ არისტოკრატიის ჭკვიანი წარმომადგენლები, თუმცა მის თავიდან ასაცილებლად ეფექტურ ზომებს არ ღებულობდნენ. დავით მიქელაძის თქმით, თავად რევოლუციის მტრებმა მოაახლოვეს მონარქიის აღსასრული.[15]

            ჟაკ ნეკერი, რობერ ჟაკ ტიურგო და მსგავსი ტიპის თავკაცები სამეფო კარს მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებდნენ და საჭირო რეფორების გატარებასაც სთავაზობდნენ, თუმცა ეს რეფორები არ გატარებულა, რადგან მას ხელი იმ ძველი საზოგადოების ძალებმა შეუშალეს, საიდანაც თვით რეფორმის მომხრენი იყვნენ გამოსულნი – აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძე. [16]




[1]მერაბ კალანდაძე, „ისტორიოგრაფიული ეტიუდები“, 2011 წ, გვ.28.
[2]ქართული გაზეთი “ივერია”, 1877, #:25.
[3]ქართული გაზეთი დროება”, 1894, #:1, გვ.149
[4]გ.წერეთელი, პუბლიცისტური წერილები, ტ. 1, თბ. 1931, გვ.81.
[5]ნ.ნიკოლაძე, თხზ. ტ. I, თბ.1962, გვ. 195 – „რამდენიმე სიტყვა ერთი მეტად ძველი საკითხის გამო“.
[6]ქართული გაზეთი „შრომა“, 1906 წ. X-XXIII ნომრები.
[7]ქართული გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1905 წ. #2734.
[8]ახალი საფრანგეთი, ჟურნ. ”კრებული”, 1870, #:1, გვ. 125-126
[9]ახალი საფრანგეთი, “კრებული”, 1871, #:9, გვ.130.
[10]ახალი საფრანგეთი, “კრებული”, 1871, #:1, გვ. 129-130.
[11]ვარლამ დონაძე, „საფრანგეთის ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები და ქართული პუბლიცისტიკა“, 1978 წ. გვ.38.
[12]ქართული გაზეთი „შრომა, 1906 წ. #:14
[13]ნ.ნიკოლაძე ახალი საფრანგეთი, “კრებული”, 1871, #:1, გვ.126.
[14]ნ.ნიკოლაძე, ახალი საფრანგეთი, “კრებული” 1871, #1, გვ.131.
[15]ვარლამ დონაძე საფრანგეთის ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები და ქართული პუბლიცისტიკა“, გვ.39. 
[16] ნ.ნიკოლაძე, დასახ. ნაშრ. თხზ. ტ. I, გვ. 209.

ირაკლი ალიმბარაშვილი

Comments

Popular posts from this blog

ბარ­ბა­რა და­ნე­ლია – ყა­ჩაღ­თა ბან­დის მე­თა­უ­რი ქალი

ამერიკული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოს შესახებ (პრესის მაგალითზე)